ლევან აბაშიძემ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საზოგადოებას ყოველწლიურად წარუდგინონ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.
ლევან აბაშიძის ანგარიში შეეხება მისი, როგორც საკრებულოს წევრის, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, გარემოს დაცვის კომისიის წევრის, უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიის წევრის საქმიანობის მიმოხილვას 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის პერიოდში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა ღვაწლის სათანადოდ უკვდავყოფა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობა, მოქალაქეთა განცხადებებზე ოპერატიული რეაგირება წარმოადგენდა.
ლევან აბაშიძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ 14 სხდომა ჩაატარა, რომელთა მუშაობაშიც ასზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა, კომისიამ განიხილა სახელდების თაობაზე შემოტანილი 300-მდე განცხადება; სახელდების თაობაზე გამოიცა 96 განკარგულება; ასობით მოქალაქეს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია; ათობით ქუჩა და გზათა ქსელი დათვალიერდა ადგილზე; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და მერიის სამსახურებთან თანამშრომლობით მისამართის აღმნიშვნელი აბრა წლის ბოლომდე განთავსდება დაახლოებით 10 000 მისამართზე.
2025 წელს ნაცვალგების პრინციპით თბილისს შეემატა: ალიშერ ნავოის პარკი, რომლის სანაცვლოდან ტაშკენტში არსებობს შოთა რუსთაველის ქუჩა და ძეგლი; ურუგვაის დედაქალაქში თბილისის სახელობის მოედნის სახელდების შემდგომ, ისნის რაიონში არსებულ უსახელო მოედანს მიენიჭა მონტევიდეოს სახელი.
ლევან აბაშიძემ ობიექტებისთვის მინიჭებული სახელებიდან აღნიშნა ისეთი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც არიან: ტერენტი გრანელი, თემურ ჩხეიძე, ომარ მხეიძე, ზურაბ გორგილაძე, დოდო ჭიჭინაძე,ჯემალ ღაღანიძე, ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ვლადიმერ უგრეხელიძე,გივი გაჩეჩილაძე, იოსებ ჟორდანია. ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები, საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერები.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ლევან აბაშიძემ საკრებულოს 15 სხდომაში მიიღო მონაწილეობა, საკრებულოს მიერ მიღებული იქნა 102 დადგენილება და 737 განკარგულება.
ლევან აბაშიძემ საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია გარემოს დაცვის კომისიაში, ფრაქციაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და თბილისის მერიაში არსებულ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიის მუშაობაში წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის თაობაზე.
დღესვე, 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩახვაშვილმა. თამარ ჩახვაშვილი აქტიურად არის ჩართული საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯო კომისიის საქმიანობაში.
2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში - ნოდარ ბოკერია
07.08.2026.16:57
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს საერთაშორისო წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს მოსახლეობა, თითქოს საქართველო რაიმე ფორმით იზოლაციაში იმყოფება, რაც დეპუტატის თქმით, სრული სიცრუეა. ნოდარ ბოკერიამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან ირაკლი კობახიძემ უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა და მისივე თქმით, ამ შეხვედრებს კონკრეტული შედეგები მოჰყვა.
„მოდით განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობის არის ეს შეხვედრები. მაგალითად, ყაზახეთი არის შუა დერეფანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. იმ შუა დერეფანში, რომელიც საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად ასეთი მნიშვნელოვანია. ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ამ მარშრუტის გამართვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ტაჯიკეთი კი არის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა და განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში, მაშინ როდესაც მიწოდების ჯაჭვები ფაქტობრივად არ არსებობს, ასეთი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. დივერსიფიკაციის კუთხით უნდა გამოვყოთ მაგალითად სინგაპურთან მაღალი დონის შეხვედრები. როგორც მოგეხსენებათ, სინგაპური ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური მოდელია და ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი ტენდენცია, როდესაც სინგაპურის ადგილობრივმა კომპანიებმა ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას და მათ შორის გამოიჩინეს ინიციატივა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების. ეს არის ლოგიკა იმისი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მრავალი წლის მუშაობის შედეგად, საქართველოში შექმნა ისეთი ბიზნეს, ეკონომიკური და სამართლებრივი ლანდშაფტი, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ დიდი ბენეფიტების მომტანია, როგორც ჩვენთვის ასევე თავად ინვესტორი მხარისთვის“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნოდარ ბოკერიას შეფასებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მუშაობის შედეგი.
„ჩემი აზრით, ოპოზიცია შეგნებულად აზიანებს არაღიარების პოლიტიკას. მოგეხსენებათ, რომ ასეთ ქვეყნებთან კომუნიკაცია სწორედ არაღიარების პოლიტიკის წარმატების საწინდარია. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებაშია ჩართული. ასეთი კონსტრუქციული და ლოგიკური ნაბიჯებით საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.