მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა კუთხით ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა - ირაკლი კობახიძე
სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ჩვენი ეკონომიკის, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას მომავალშიც წარვუდგენთ ახალ ინიციატივებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა არის საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაძლევა
„მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით. პროდუქტიულობის გაზრდა და ზოგადად, ამ მიმართულებით რეფორმების გატარება, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა, არის საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაძლევა. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას მომავალშიც წარვუდგენთ ახალ ინიციატივებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებითად გადალაგდა სისტემა.
„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ რევაზ სოხაძეს. ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა კუთხით ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა და გადალაგდა პროცესები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ინფრასტრუქტურა მომავალში მაქსიმალურად ხარისხიანად და ეფექტიანად განვითარდება. კიდევ ერთხელ მადლობა სამთავრობო გუნდს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.