მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
2026 წლის 7 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ კევინ ჰამილტონთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ვიზიტის ფარგლებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში და ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC).
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა
07.09.2026.19:28
საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთერთი უმსხვილესი საზღვაო და ლოგისტიკური ჯგუფის Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში Abu Dhabi Ports Group - ის მიერ მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განვითარების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია Abu Dhabi Ports Group - ი, აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ცენტრალურ აზიის რეგიონთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაში. აქცენტი გაკეთდა მშრალი პორტის პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე აღინიშნა, რომ პორტი ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით ვითარდება.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი.