მალტელი კოლეგების მხრიდან გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა - შალვა პაპუაშვილი
,,მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა. გვაქვს აბსოლუტური და უპირობო მხარდაჭერა მალტის მხრიდან ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან ანჯელო ფარუჯასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მალტელი კოლეგების მხრიდან საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, საქართველოს, ასევე აქვს მხარდაჭერა, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
,,გვქონდა შინაარსობრივი საუბარი, მათ შორის, მალტის, როგორც მოსახლეობით პატარა ქვეყნის, გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაზიარებელია ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი საერთო საკითხი გამოვნახეთ მალტელ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა მათი მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.