მამუკა მდინარაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - არადამაჯერებელი და წარმოუდგენელია ის, რომ ელჩმა არ იცოდა, მისი თანამშრომელი რას აკეთებდა
ძალიან ცუდია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ან იცნობს ამ დოკუმენტს და სიმართლეს არ ამბობს, ან მართლაც არ იცის, რომ მის თანამშრომელთან დაკავშირებით იყო ისეთი ჩართულობის ფაქტი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე, რომ მას არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ, არადამაჯერებელი და წარმოუდგენელია ის, რომ ელჩმა არ იცოდა, მისი თანამშრომელი რას აკეთებდა.
„არ მინდა, ჩვენს ურთიერთობებს რაიმე ზიანი მივაყენო ჩემი რომელიმე ფრაზით, სიტყვით, წინადადებით ან კომენტარით ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ან იცნობს ამ დოკუმენტს და სიმართლეს არ ამბობს, ან მართლაც არ იცის, რომ მის თანამშრომელთან დაკავშირებით იყო ისეთი ჩართულობის ფაქტი. თუ მან არ იცის, რომ მისი თანამშრომელი იყო ჩართული ამაში და FARA-სგან შეიტყო ახლა უკვე, იმიტომ, რომ იმედია, ამდენი ხანი გაეცნობოდა ქალბატონი კელი ამას, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში, არადამაჯერებელი და წარმოუდგენელიც შეიძლება დავარქვათ, რომ მისი თანამშრომელი რას აკეთებდა, არ იცოდა. თუ სიმართლე არ არის ის, რომ არ იცნობს, ეს ცუდია, თუ ჩართული იყო და არ იცის, ესეც ცუდია, თუ იცის და ხელს უწყობდა ესეც ცუდია, სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს ასეთი შეიძლება მოზომილი, მაგრამ მაინც განცხადების გაკეთება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.