მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას l ირაკლი კობახიძე
24.07.2026.22:02
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა.
„აქ იფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO-ს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები - რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებებით.
ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვინაიდან ძლიერი ტექნოლოგიური ჰაბი ძლიერი უნივერსიტეტის, კვლევითი გარემოსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარეშე ბუნებრივია, ვერ განვითარდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ქმნის სწორედ იმ აკადემიურ და სამეცნიერო საფუძველს, რომელიც ჰაბს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს არა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო სივრცე, არამედ კვლევის, ახალი ცოდნისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ცენტრი.
თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.
თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს. მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა ჯიტას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.