მარიამ ქვრივიშვილმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ეკატერინე სისაური წარუდგინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი, ეკატერინე სისაური წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში კორპორაციის დირექტორის პოსტს იკავებდა.
„ეკატერინე უკვე არაერთი წელია, ამ სისტემაში მუშაობს, დარგის გამოცდილი პროფესიონალია და დეტალურად იცნობს ნავთობის და გაზის კორპორაციის საქმიანობას. თავად კორპორაცია ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, შრომით და თავდადებით კიდევ უფრო მეტ ახალ, მნიშვნელოვან პროექტებს გავაკეთებთ, უწყება, მთლიანად მისი გუნდი კი წარმატებულად იმუშავებთ ახალ ხელმძღვანელთან ერთად", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
კორპორაციის ახალი გენერალური დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე.
ეკატერინე სისაურს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საქმიანობა მან 2018 წლიდან დაიწყო - ქონების მართვის მიმართულებით დირექტორის პოზიციაზე. 2022 წლის ივნისიდან კი, პოზიციების შერწყმის შედეგად, მისი თანამდებობა განისაზღვრა როგორც დირექტორი ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში. ამასთან, ეკატერინე სისაური სხვადასხვა დროს იკავებდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"-ს თავმჯდომარის, სსიპ იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის მენეჯერის მოადგილის, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტებს და ა.შ.
ეკატერინე სისაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი აქვს.
ეროვნული კომპანიის სტატუსის მქონე, დივერსიფიცირებული საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ინვესტორებთან გაფორმებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფოს ინტერესებს იცავს. კორპორაცია, როგორც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელი, წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.