მეორე დღეა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები და ამას არ აკეთებენ, ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე
ჩემი აზრით გამორიცხულია, რომ მათ მანდატები დატოვონ. ეს ხალხი ახლა ეძებს გამოსავალს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებას, მით უმეტეს, ყველა არ დაწერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მეორე დღეა, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს, თუმცა, ამას არ აკეთებენ. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არა საკუთარი ამომრჩეველი, არამედ, პატრონები აინტერესებთ და მომავალშიც მათი მითითებებით იმოქმედებენ.
„მეორე დღეა როცა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს მათ ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან, ვისაც ეტყვიან დატოვეთო [მანდატები] - დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩით - დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს. მე მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ - თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ.“ - განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.