მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები - ლევან ჟორჟოლიანი
ჩვენ მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 2025 წლის მონაცემებით, მესტიაში 133 მილიონი კილოვატ საათი არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის 10 მილიონ კილოვატ საათს არ უნდა აღემატებოდეს.
„ეს მნიშვნელოვან დაზიანებებს აყენებს ქსელს. ეს შედის შესაბამის ტარიფში და ფინანსური ზარალიც სახეზეა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ასევე კონკრეტული მრიცხველები იქნება მიბმული კონკრეტულ დასახლებაზე, სოფელზე, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა საშუალება იდენტიფიცირების იმ ადგილების, სადაც ხდება აღნიშნული უკანონო ბიზნესსაქმიანობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების გამოვლენაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
08.06.2026.15:31
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კუთხით.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის ქ. სტამბოლში.