მიხეილ სარჯველაძე: რაც არ უნდა განსხვავებულად, არასწორად მიგვაჩნდეს სხვისი აზრები, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ ფიზიკურად თავს ვესხმოდეთ სხვას - ეს კატეგორიულად მიუღებელია
ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ შეიძლება საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებთანაც ვერ ვთანხმდებით, გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, მოსაზრებები, მათი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს ასეთ დროს უფლება მისცეს იძალადოს საზოგადოების მეორე ნაწილზე, სხვა ადამიანზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „პრაიდის ფესტივალის“ და პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ყველა კანონგარეშე აქტის პრევენციას მოახდენს და კანონდარღვევაზე რეაგირებაც მკაცრი იქნება. მისი თქმით, მიუღებელია, განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
„მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ბუნებრივია, სახელმწიფო ნებისმიერი კანონგარეშე აქტის პრევენციასაც მოახდენს და მკაცრი რეაგირებაც ექნება.
რაც არ უნდა განსხვავებულად, არასწორად მიგვაჩნდეს სხვისი აზრები, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ ფიზიკურად თავს ვესხმოდეთ სხვას - ეს კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და მეტი თავშეკავებით უნდა მიუდგნენ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს.“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.