დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ კავშირებს საქართველოს დახმარებითა - ნიკოლ ფაშინიანი
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, დღეს შედგა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა.
„რადგან სხდომა მეთხუთმეტეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ვითარდება. მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგისა ის არის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს საუბარი გვქონდა ორმხრივ ეკონომიკურ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე, სხვადასხვა საკითხზე გვქონდა დისკუსია. ასევე ვნახეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მთელი ამ დროის განმავლობაში რომ მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს. პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. ქართველი ერის მხარდაჭერისთვის მინდა, გადაგიხადოთ მადლობა. იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ის ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას.
„არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სხვა სიახლეები
თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას l ირაკლი კობახიძე
24.07.2026.22:02
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა.
„აქ იფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO-ს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები - რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებებით.
ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვინაიდან ძლიერი ტექნოლოგიური ჰაბი ძლიერი უნივერსიტეტის, კვლევითი გარემოსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარეშე ბუნებრივია, ვერ განვითარდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ქმნის სწორედ იმ აკადემიურ და სამეცნიერო საფუძველს, რომელიც ჰაბს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს არა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო სივრცე, არამედ კვლევის, ახალი ცოდნისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ცენტრი.
თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.
თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს. მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა ჯიტას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.