მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში - ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე
მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას.
ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმაერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
„გვჯერა, რომ მომავალშიც ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. მაღალი დონის პოლიტიკური ნდობის გარდა, საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის, განათლების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა:
„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და პატივს ვცემთ ქვეყნის არჩევანს. იმედი გვაქვს, მომავალში ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოში მიმდინარე პროექტებში და საკუთარი წვლილი შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.