მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე | პრემიერი
მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.
„საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება.
აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.
აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის" პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის!"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას | ირაკლი კობახიძე
12.10.2026.15:06
ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სწორედ ამით ისარგებლა მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს.
„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ინდექსაციის წესი, მათ შორის, 70 წლის ასაკის მიუღწეველ პენსიონერებზეც. ამ ინდექსაციის წესის მიხედვით, გათვალისწინებული იყო 20 ლარით პენსიის ზრდა, რაც ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. ნომინალური ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზრდება წლის ბოლომდე და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ვნახეთ იმის რესურსი, რომ დამატებით პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით გაგვეზარდა პენსია 70 წელს მიუღწეველი პენსიონერებისათვის და ეს აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში, დამატებით პროექტში გათვალისწინებული იქნება 128 მილიონი ლარი, საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, პენსიის ზრდა არის ერტ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ დასაშვებ ზღვარს, რაღაც ზღვრის შემდეგ სოციალური ხარჯები უკვე პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის შენელებაზე, და ინფლაციური პროცესების დაჩქარებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ოქროს შუალები გვიკავია ახლა იმ მოცემულობით, რომელიც ბიუჯეტშია ასახული. 45-ლარიანი მატებითაც ვრჩებით იმ არსებულ ზღვარში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ვზრუნავთ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაზე, პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდაზე და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ეს ოქროს შუალედი მომავალშიც უნდა იყოს დაცული", - განაცხადა პრემიერმა.