მოღალატეების ადგილი საკრებულოში არასოდეს იქნება - ზურაბ ჩიკვილაძე
„განსაკუთრებული დღეა, ჩვენ ხმას ვაძლევთ დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას, ვამტკიცებთ კახა კალაძის გუნდს, რაც იმ დიდი პროექტების, პროგრამებისა და რეფორმების გაგრძელებას გულისხმობს, რომლებიც კახა კალაძისა და მისი თანაგუნდელების მიერ იყო შემუშავებული და ინიცირებული“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ.
„ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მონაწილე და მოწმე იქნება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული სრულიად ახალი პროექტებისა. სწორედ აქ მინდა ჩვენს მოსახლეობას უდიდესი და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არჩევნებში მხარდაჭერისთვის. ჩვენმა მოსახლეობამ წყალგამყოფი გაავლო მოდერნიზებულ ქალაქსა და ქაოსს შორის, მშენებლობასა და ნგრევას შორის, ამიტომაც არჩევნების შედეგები ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ნდობის მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მშვიდობას“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონსტრუქციულ თანამშრომლობას კოლეგებთან მხოლოდ, ერთი დათქმით:
„უნდა დაიცვან კორექტულობა და ქალაქის საქმეებზე ორიენტირებულობა. უნდა გვახსოვდეს, რომ დედაქალაქი ყველასთვის ერთია და ჩვენ სწორედ მას ვემსახურებით. VII მოწვევის საკრებულოში ოპოზიცია 21 წევრით იყო წარმოდგენილი. დღეს ოპოზიციის წარმომადგენელი ხუთია. აქ კომენტარი ზედმეტია. გახსოვთ სრულიად გაუგონარი ბოიკოტის რეჟიმი. ერთი წლის განმავლობაში აქ არავინ მოსულა სხდომაზე, თუმცა ხელფასს ისინი ძალიან დიდი სიამოვნებით იღებდნენ. წინა მოწვევის საკრებულოში ჩვენმა მოსახლეობამ მისცა საშუალება გიორგი გახარიას აქ სამი წევრი ჰყოლოდა, დღეს მათი შედეგი ნულია. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეებს ხმას თბილისში არ აძლევენ და მოღალატეების ადგილი საკრებულოში არასოდეს იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.