მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს - საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, მთლიანობაში, სარგებლობს 4 827 პირი l პრემიერი
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, მთლიანობაში, სარგებლობს 4 827 პირი და აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული ეს განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებდა პირი, რომელიც საქართველოში შეიძენდა 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას და ეს ზღვარი 150 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები. გახსოვთ, რომ ამ სპეკულაციებს უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვებით წაგვლეკავდნენ ჩვენ უცხოელი მიგრანტები. მთლიანობაში, გეტყვით, როგორი სტატისტიკაა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ნაწილში. შეგახსენებთ, რომ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებს პირი, რომელიც საქართველოში შეიძენს ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს და ეს ზღვარი არის გაზრდილი 150 000 აშშ დოლარამდე. მთლიანობაში, საქართველოში იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, არის 4 827 პირი, აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას.
ბინადრობის ნებართვა საქართველოს ყოფილი მოქალაქისათვის გაცემულია 2 716 პირზე, 2.5. %-ია მათი ხვედრითი წილი მთლიან სტატისტიკაში. სპეციალური ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 1952 პირზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება, იყოს ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლი, ან დაზარალებული, ანუ რეალურად თავშესაფარს ვაძლევთ ასეთ პირებს საქართველოში. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა სულ არის გაცემული 1347 პირზე და ეს ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე ამ მისი ოჯახის წევრზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ან რომელსაც საქართველოში აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარს. მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 646 პირზე, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელება 223 პირზე, IT ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 92 პირზე. სინამდვილეში, IT სექტორში ბევრად მეტი უცხოელია დასაქმებული საქართველოში, თუმცა ჩამოყალიბებული პრაქტიკა არის ის, რომ ეს პირები იღებენ არა IT ბინადრობის ნებართვას, არამედ სტანდარტულ შრომით ბინადრობის ნებართვას. სასურველია, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალოს და დაიხვეწოს. უვადო ბინადრობის ნებართვა გაცემულია 14 პირზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა - 4 პირზე. ეს არის საერთო სტატისტიკა, რაც სრულ სურათს გვიჩვენებს ბინადრობის ნებართვის სტატისტიკის თვალსაზრისით,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21.09.2026.14:44
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.
„მედიას აქვს განსაკუთრებული როლი საარჩევნო პროცესში - დაწყებული ამომრჩეველთა ინფორმირებით, გაგრძელებული საარჩევნო კულტურის ხელშეწყობითა და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. სწორედ ამ მიზნით, პერმანენტულად ვმართავთ შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან და გვაქვს შესაძლებლობა არამხოლოდ მივაწოდოთ აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი - მათი კითხვები და რეკომენდაციები, სხვა რაკურსით დანახული პროცესი. აღნიშნული კი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა საკითხს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ, ისევე, როგორც ვიფიქროთ პროცესის შემდგომ განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება როგორც მედიასთან, ისე სხვა ჩართულ მხარეებთან“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
საკრებულოს შუალედური არჩევნები, მედიის როლი და უფლებები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, სამართლებრივი ჩარჩო და სიახლეები, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესში: მიმდინარე გამოწვევები და პრაქტიკული მაგალითები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა და პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა და წევრი ციალა შავაძე.
შეხვედრის ფარგლებში მედის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ცესკოს ახალი პლატფორმის დეზინფორმაციის რეესტრის და ახალი საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360°“-ის შესახებ. აღნიშნული გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა. ხოლო დეზინფორმაციის რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.
გაიმართა აქტიური დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.
სამუშაო შეხვედრა 18-20 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 30-მა წარმომადგენელმა მიიღო.