მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება - პრემიერი საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტი დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
„ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც, ესეც არის ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ცესკოს ხელმძღვანელი პირები ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
10.09.2026.18:03
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან გამართა. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო შუალედური არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო პროცედურების სწორად და თანმიმდევრულად განხორციელებაზე, ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხზე და საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის საოლქო და საუბნო დონეზე არსებული მზადყოფნის შეფასებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესი.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, 3 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორც ყველა სხვა შუალედური თუ საერთო არჩევნები, მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდება და თითოეულმა საარჩევნო ადმინისტრატორმა საკუთარი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით უნდა განახორციელოს.
სამუშაო შეხვედრას ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ასევე ესწრებოდა ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და რეგიონული კოორდინატორი ზვიად თენეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.