მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყნის ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება - რევაზ სოხაძე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადში დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, რომელზეც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ან უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მინისტრის თქმით, უახლოეს თვეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და შიდა მობილობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„იანვარ-თებერვალში სავარაუდოდ დაიწყება სარფის მიმართულებით დაახლოებით 8-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც გონიოსა და მიმდებარე ტურისტულ ტერიტორიებს სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს. უახლოეს თვეებში დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაც, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანზიტო დერეფნისთვის, ისე დედაქალაქში სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვისთვის“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კახეთის მაგისტრალის ბადიაური–ბაკურციხის მონაკვეთების, რუსთავი–სადახლოსა და რუსთავი–წითელი ხიდის მიმართულებების, ასევე გურჯაანი–თელავისა და წნორი–ლაგოდეხის გზების სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ბადიაურის მიმდინარე მონაკვეთის დასრულება კი მომავალი წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ქართული სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართული კომპანიები იყვნენ ჩართული, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებში. ეს მნიშვნელოვანია დასაქმების, ცოდნისა და გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ქართულმა კომპანიებმა ისეთი გამოცდილება და შესაძლებლობები შეიძინონ, რომ მომავალში სხვა ქვეყნებშიც შეძლონ რთული საინჟინრო პროექტების განხორციელება“, — აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მომდევნო ხუთი წლის შემდეგაც გაგრძელდება, რათა ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნამ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.
სხვა სიახლეები
ქვეშეთი–კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, პირველ რიგში, შიდა მობილობის თვალსაზრისით | რევაზ სოხაძე
18.11.2026.22:48
„ნებისმიერი ახალი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შენდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი გზა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საინჟინრო თვალსაზრისით გამორჩეული პროექტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც შიდა მობილობის გაუმჯობესების, ისე ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დასრულდა უნიკალური თაღოვანი ხიდის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი. 166 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიდის თაღი აშენდა. მომდევნო ეტაპზე თაღზე ხიდის ძირითადი კონსტრუქციის მოწყობა გაგრძელდება.
„ქვეშეთი–კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, პირველ რიგში, შიდა მობილობის თვალსაზრისით. 23-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულების შემდეგ თბილისიდან სტეფანწმინდამდე გადაადგილება დაახლოებით საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს ზამთარში ზვავსაშიშროების გამო გადაადგილების შეზღუდვის პრობლემას“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 400 კილომეტრი მაგისტრალი აშენდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი 600 კილომეტრზე მეტი ახალი მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლაა დაგეგმილი.
რევაზ სოხაძის განცხადებით, მაგისტრალების მშენებლობასთან ერთად, პრიორიტეტულია რეგიონული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ამ მიმართულებით, მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება სამცხე-ჯავახეთში, რაც საქართველოს სამხრეთ რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.