მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნაცვლად იმისა, ქვეყნის კონსტიტუციას იცავდეს, პატივს არ სცემს კანონს. ამის შესახებ მან მედიასთან ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება, რომ ის უკან გაიწვევს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებს, სანამ ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე.
„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა. არ ვიცი რა ჰქვია ამას. რაც გინდათ, ის დაარქვით.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუმცა, ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.