მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. შესაბამისად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას. მისი თქმით, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს ეს პუნქტიც დაემატება.
„ეს თანხა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის მიმართ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბავშვის და ოჯახის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე, მარიამ ლაშხი.
სხვა სიახლეები
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
08.10.2026.08:39
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.
2027 წელს საგარეო უწყებისთვის გათვალისწინებულია 233 მილიონამდე ლარი. პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი აგროპროექტის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსება, ასევე, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
„ბიუჯეტი საკმაოდ ოპტიმისტურია, საკმაოდ გაძლიერდა სოციალურ პაკეტი, ეს იქნება სერიოზული, მნიშვნელოვანი შეღავათი მათ შორის, დაბალშემოსავლიანებისათვის და პენსიონერებისათვის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.