მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი განიხილონ - სალომე ზურაბიშვილი
მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე „ტვიტერზე“. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე ისაუბრა.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმის, რომ რასაც მოვითხოვ არაერთხელ, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია რაღაც ზომები იყოს მიღებული, რათა ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, ეს უკვე გამოჩნდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რომ რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს რაღაც ზომები სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას უნდა მოუსმინოს.
„ჩვენ არ გვჭირდება დღეს რუსეთისგან საჩუქრები, ვითომ რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ. არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი. მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხზე არის ერთიანი, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება, შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული უკრაინელი მეგობრებისადმი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამის ერთგულნი უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ, რომ თუ სხვანაირად მოხდა, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 2023 წლის 15 მაისიდან აუქმებს. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.