მშვიდობა, თანამშრომლობა და პრაგმატიზმი ყველასთვის მომგებიანი შესაძლებლობაა, მათ შორის საქართველოსთვის - ჯეფრი საქსი
„საქართველოს სჭირდება გონიერი სახელმწიფოებრივი მართვა, მკაფიო იდეა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მომავალში გლობალურად არსებული მრავალგვარი გამოწვევები. მთავარი არის მშვიდობა, თანამშრომლობა და პრაგმატიზმი, ყველასთვის მომგებიანი შესაძლებლობების მოძიება, არა სასწაულების რწმენა, არამედ რეალისტური მიდგომების," - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მიმართვაში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა მსოფლიოში ძველი წესრიგის მნიშვნელოვან რღვევას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით ახალი დღის წესრიგის ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ცვლილებებია. ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტექნოლოგიური, ეკოლოგიური და დემოგრაფიული სიახლეები. ჯეფრი საქსმა საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც პარალელურად ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის.
„საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის მისი სამეზობლო არეალი საკმაოდ რთულ მოცემულობას მქნის, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკური შესაძლებლობების შემქმნელია. ცნობილი ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნები, რომლებმაც ევროპა და აზია შეიძლება სამხრეთ კავკასიის გავლით ერთმანეთს დააკავშიროს, სწორედ საქართველოზე გადის და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ გონივრულად უნდა გამოიყენოს,"- განაცხადა ჯეფრი საქსმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.