მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა დაამტკიცა.
აღნიშნული გეგმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მომზადებული და სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია. წარმოდგენილი პროექტის მიზანი სათანადო, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარების გზით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა.
საქართველოს ტერიტორია იყოფა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის 6 ზონად:
წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ცენტრალური ზონისთვის და ეხება ქ. რუსთავის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმაში დეტალურად არის გაწერილი გეგმის მიზანი, ამოცანები, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული პრობლემები, დაბინძურების წყაროები, არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო აქტივობები, კოორდინაციის მექანიზმი, აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები, აქტივობების შესრულების ინდიკატორები, ვადები და შესაბამისი ბიუჯეტი.
პროექტის მომზადებაში ჩართულები იყვნენ, როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
გეგმის პროექტი შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით. პროექტთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო კონსულტაციები და მოეწყო საჯარო განხილვა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი გეგმა არის „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022)“ ერთგვარი გაგრძელება და მოიცავს გაცილებით დიდ არეალს. ქ. რუსთავის გეგმის ფარგლებში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების კუთხით, რამაც უკვე გამოიღო დადებითი შედეგები, თუმცა, რჩება გამოწვევები, რომელთა საპასუხოდაც ცენტრალური ზონის გეგმა მომზადდა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.