მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ.
ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ.
განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
ჩინეთში ვიზიტად მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდა
30.09.2026.15:28
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა.
კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ მეტროპოლიტენის გახსნიდან მე-60 საიუბილეო წელს თბილისი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.
„ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის. 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის და იმედია, თბილისში გიმასპინძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ქალაქ ნანკინის მერმა კახა კალაძეს ჩინეთში ვიზიტისთვის და პირისპირ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ნანკინში. როგორც ვიცი, პირველად ხართ ჩვენს ქალაქში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ლი ჭონგ ძუნიმ.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი შარკოვი დაესწრნენ.