მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც არ დავუშვებთ, სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული - პრემიერი
მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, ისე მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაზე, ქარისა და მზის ენერგიის სადგურებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ხელისუფლების ამბიციური მიზნის განხორციელებას - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით.
„მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, ამ შემთხვევაშიც, სამართლის უზენაესობა იქნება ბოლომდე დაცული და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი, ასევე არა მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება. სამ მსხვილ პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოებია დაწყებული, არის ძალიან დიდი რესურსი, იგივე „ნენსკრას“, „ხუდონის“, „ნამახვანის“ მიმართულებით და საჭიროა ინტენსიური მუშაობა, ამ პროექტების განსახორციელებლად. ასევე, მცირე და საშუალო ჰესების, თუ ქარისა და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობის მიმართულებით არის საჭირო სერიოზული მუშაობა. გვაქვს ამბიციური ამოცანა - გვინდა, 2030 წლისთვის 10 000 მეგავატს გადავაჭარბოთ, ამ პროექტების განხორციელების გარეშე კი, ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წელს მოხმარებას გადააჭარბოს გამომუშავებამ, ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, ეს სჭირდება საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.