მზად ვართ, რეალური საბაზრო ღირებულება გადავიხადოთ სამშენებლო პროექტებში - ისე აღარ მოხდება, რომ სამშენებლო პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას საჭიროებდეს - გურამ დუმბაძე
მზად ვართ, რეალური საბაზრო ღირებულება გადავიხადოთ სამშენებლო პროექტებში - ისე აღარ მოხდება, რომ სამშენებლო პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას საჭიროებდეს, რაშიც გადავიხდით თანხას, ის აუცილებლად იქნება ხარისხიანი, შესაბამისი საგარანტიო ვადების დაცვით, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო საბაზრო ღირებულებით გადაუხდის ბიზნესმენს კონკრეტული სამუშაოებისთვის, მას აღარ ექნება იმის საჭიროება, რომ მასალებზე ან მანქანა-მექანიზმებზე დაზოგოს და დამატებითი მოგება ნახოს.
„ჩვენ 2026 წელს დავასრულებთ ფასების ფორმირების პროცესს. ეს პროცესი იქნება სრულიად ჯანსაღი. ფასების განახლება შეიძლება მოხდეს ყოველ კვარტალში, შეიძლება მოხდეს 6 თვეში ერთხელ. ეს განგრძობადი პროცესი იქნება. სადაც ზრდა იქნება იქ გაიზრდება ფასი, სადაც შემცირება იქნება, იქ აუცილებლად შემცირდება.
ჩვენ მზად ვართ, რეალური საბაზრო ღირებულება გადავიხადოთ სამშენებლო პროექტებში. ისე არ მოხდება, სამშენებლო პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას საჭიროებდეს. ჩვენ რაშიც გადავიხდით თანხას, ის აუცილებლად იქნება ხარისხიანი, შესაბამისი საგარანტიო ვადების დაცვით. მიღწეული ეფექტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს სამშენებლო სექტორში. ბიზნესსაც მეტად მივცემთ განვითარების შესაძლებლობას. როდესაც ჩვენ საბაზრო ღირებულებით ვუხდით მას კონკრეტული სამუშაოებისთვის, მას აღარ აქვს იმის საჭიროება, რომ მასალებზე ან მანქანა-მექანიზმებზე დაზოგოს და დამატებითი მოგება ნახოს. ამიტომ ეს პროცესი ამ კუთხით სრულიად ჯანსაღი იქნება. ხშირად გვაქვს შეხვედრები კერძო სექტორთან, მშენებელთა ასოციაციასთან, ისინი ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ და განვახორციელოთ“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.