,,მზიურის" მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინვესტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა - ირაკლი შენგელია
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" ძალიან აქტიურად დაიწყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. ირაკლი შენგელიამ ხაზი გაუსვა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ ერთ-ერთ პირველ პროექტს, რომლის განსახორციელებლად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „სპორტის აკადემია 2025-ს", 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცა ქალაქ თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის" მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
„ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს ღია და დახურულ, ხელოვნურსაფარიანი სპორტულ მოედნებს, პადელის კორტებს და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას, რისთვისაც მინიმუმ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს" - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.
სააგენტოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე და დაინტერესებული პირებისთვის პროექტში მონაწილეობის პირობები განმარტა.
„დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში. მონაწილე უნდა იყოს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ან განვითარების საინვესტიციო პროექტს. დაინტერესებულ პირებს ოც წლიან სარგებლობაში გადაეცემათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის საფასური განისაზღვრება ჯამურად 1 ლარის ოდენობით, ხოლო მე-11 და ყოველი მომდევნო წლისთვის საფასური განისაზღვრება იმ დროისთვის არსებული საბაზრო ღირებულების შესაბამისად" - განაცხადა შენგელიამ.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.NASP.GOV.GE
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.