ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს მიზანთან - ირაკლი ღარიბაშვილი
31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა,- ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს, თანამიმდევრულად გვაახლოებს მიზანთან.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა.
„31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან.
გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.
მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.
ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები - ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა- კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.
აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან",- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.