ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია - პრემიერი
ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და შემცირდეს ფასები, რაც დასაწყისისთვის კარგია. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
„ამოცანა არ არის მარტივი, იმიტომ რომ საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც არის თავისუფალი და საკუთარი შეხედულების მიხედვით აწარმოებს საქმიანობას. ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება. შეიძლება მთლიანად ჩამოშალო საბაზრო ურთიერთობები უხეში ჩარევის პირობებში. ამიტომ მგრძნობიარეა ეს საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ არასდროს გვიფიქრია უხეში ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი.
გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და იქ მიღწეულ იქნას ფასების შემცირება, რაც კარგია დასაწყისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში გავალთ კონკრეტულ შედეგამდე, ეს არის მთავარი ამოცანა. საკითხი არის კომპლექსური და რთული, თუმცა თუ იქნება კოორდინირებული მუშაობა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, შედეგი არის მიღწევადი,“- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია - ლევან ჟორჟოლიანი
22.07.2026.16:57
პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სინგაპურში განაცხადა.
მისივე თქმით, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის, განვითარებული ფინანსური ინსტიტუტებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით.
„მნიშვნელოვანია პარტნიორობა, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სინგაპურში განვითარებულია ფინანსური ინსტიტუტები, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის საკმაოდ მარტივი.
ქვეყანა, სადაც გადასახადები საკმაოდ დაბალი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. ამ ყველაფერს ემატება ის სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად აადვილებს ნებისმიერი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.