ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის ვალდებულებაა, თავს დაესხას დეზინფორმაციას - პირველი რეგულაცია ეს არის ადამიანის შინაგანი ეთიკა, რომელიც შემდეგ უკვე პროფესიულ ეთიკად გამოვლინდება ხოლმე - შალვა პაპუაშვილი
ვფიქრობ, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის ვალდებულებაა, თავს დაესხას დეზინფორმაციას. მოისმინეთ, ორივეს [„მთის ამბები“ და „მწვანე ალტერნატივა“] პასუხი, ორაბზაციანი განცხადებები გამოაქვეყნეს და ერთადერთი რაც თქვეს, იყო ის, თითქოს მე თავს დავესხი და ვცდილობ დავაცენზურო. ამის ნაცვლად, მისხალი თვითკრიტიკა რომ ჰქონოდათ, თვითონაც ხომ ხვდებიან უკვე, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ავრცელებენ, მინიმუმ ხომ შეუძლიათ თქვან, რომ გადაუმოწმებელი იყო ინფორმაცია, ვწუხვართ, და აიღონ ინფორმაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, შოვის ტრაგედიის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციის დარეგულირება შინაგანი და პროფესიული ეთიკით არის შესაძლებელი. მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტური ეთიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, მედიას ზუსტი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდონ, ისინი პროფესიული სტანდარტების გამრუდების ხარჯზე, დეზინფორმაციის მხილებას თავდასხმად აფასებენ.
„პირველი რეგულაცია, ეს არის ადამიანის შინაგანი ეთიკა, რომელიც შემდეგ უკვე პროფესიულ ეთიკად გამოვლინდება ხოლმე. ნაცვლად იმისა, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ ამაზე რეაქცია ჰქონოდა და მათ შორის, ჟურნალისტებისთვის მოეწოდებინა, გადამოწმებული ინფორმაცია გაევრცელებინათ, მათაც და სხვადასხვა "კოალიციებმა" კიდევ ცალკე, განცხადება გაავრცელეს რომ ეს არის თავდასხმა. სწორედ ეს არის გამრუდება პროფესიული სტანდარტისა, საკუთარ ტყუილში გაჯიუტებისა. შემდეგ, ჟურნალისტების, მედიის მიმართ არის უნდობლობა, იმიტომ რომ არ არის თვითკრიტიკის მისხალი.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა თუ რამდენად არის შესაძლებელი საკანონმდებლო დონეზე დეზინფორმაციის დარეგულირება. პაპუაშვილის განმარტებით, ნებისმიერი იდეა, რომელიც რადიკალურ ჯგუფებს საზოგადოების დაშინების და ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობის ბერკეტს ხელიდან ართმევს, „რუსულ კანონად“ ინათლება.
„რაც შეეხება რეგულაციას, ამაზე თქვა კიდევაც ირაკლი კობახიძემ, ბევრი რამის რეგულაცია შეიძლება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ დეზინფორმაციულ სისტემაში, სადაც ჩვენ მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი უცხოელი გვაცხოვრებს, ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი იდეა მოინათლება „რუსულ კანონად“ და იქ აზრი არ აქვს დისკუსიას. საერთო ჯამში, არის ინტერესი, რომ ტყუილი დარჩეს, დეზინფორმაციები იყოს, იმიტომ რომ ამ დეზინფორმაციებით ხდება საზოგადოების დაზაფვრა, მისი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღია, რომლის დაკარგვაც არ უნდათ "ნაციონალურ მოძრაობას" და ზოგადად, რადიკალურ ჯგუფებს.
არ ვსაუბრობ რეგულაციებზე, მაგრამ მინიმუმ, მე რასაც აუცილებლად ვიზამ ყოველთვის, ეს არის დეზინფორმაციის მხილება. გარკვეულ დონეზე მხილება მუშაობს. სხვათა შორის, განცხადებაში, რომელიც "მთის ამბებმა" გამოაქვეყნა, საუბარი იყო, რომ ისინი მხოლოდ ინფორმაციას ავრცელებენ და იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც აქვს წინსართი „დეზ“, არ არის ინფორმაცია, ეს არის ტყუილი." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.