ნინო ვარდოსანიძემ და ლევან აბაშიძემ UCLG -ის მსოფლიო კონგრესში და ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტში მიიღეს მონაწილეობა
22-25 ივნისს, მაროკოს ქალაქ ტანჟერში, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციის (UCLG) მსოფლიო კონგრესი და ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტი გაიმართა.
UCLG-ის ქართული დელეგაციის შემადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ.
კონგრესის ფარგლებში ქალაქებისა და რეგიონების წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, მოქალაქეებისთვის სერვისების გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.
ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავდა UCLG-ის მმართველი ორგანოების მუშაობას, პოლიტიკურ დისკუსიებსა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას.
ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა თემატურ შეხვედრასა და პანელურ დისკუსიებში. მათ შორის, გაიმართა შეხვედრა თბილისის მეტროპოლიტური ქალაქების ქსელთან (Metropolis) გაწევრიანების საკითხზე.
დელეგაცია ასევე ჩაერთო ქალთა ასამბლეის მუშაობაში და დაესწრო შეხვედრას, რომელიც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას ეხებოდა. აღნიშნულ სესიაზე ქართულმა მხარემ წარადგინა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმისა და ახლად დამტკიცებული რეგულაციების შესახებ.
დღესვე, ნინო ვარდოსანიძემ და ლევან აბაშიძემ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს UCLG-ის მმართველი ორგანოების არჩევნებში, რის შედეგადაც განისაზღვრა UCLG-ის მმართველი გუნდი, რომელიც მომდევნო პერიოდში უხელმძღვანელებს ორგანიზაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას.
კონგრესი დასრულდა „ტანჟერის დოკუმენტის“ მიღებით, რომელშიც აისახა შეხვედრების განმავლობაში მიღებული ძირითადი შეთანხმებები და გადაწყვეტილებები.
აღნიშნული დოკუმენტი UCLG-ის სამომავლო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს.
სხვა სიახლეები
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მთლიანობაში, დღემდე დასრულებული მაგისტრალების სიგრძემ შეადგინა 383 კილომეტრი, 2031 წელს არსებითად დასრულდება მაგისტრალების მშენებლობა და 1 წელიწადში ამას დაემატება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთიც - ირაკლი კობახიძე
26.06.2026.14:00
გასული წელი იყო ძალიან წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდა, უამრავი თანხა დაიზოგა, რაც აისახება ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2031 წელს არსებითად დასრულდება მაგისტრალების მშენებლობა და 1 წელიწადში ამას დაემატება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთიც.
„ასეულობით მილიონი წლიურ ჭრილში და ერთჯერადად დაიზოგა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რაც აისახება ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე. მადლობა ეკონომიკის მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, დასრულდა საუკუნის პროექტის, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რაც არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მთლიანობაში ამ მაგისტრალის სიგრძე შეადგენს 52 კილომეტრს. ეს არის ოთხზოლიანი მაგისტრალი, გაიჭრა 51 გვირაბი და აშენდა 97 ხიდი. თავადაც ხედავთ, რამდენად მასშტაბური იყო გაწეული სამუშაოები. შედეგად 8 კილომეტრით შემცირდა გადაადგილების მანძილი და განახევრდა მგზავრობის დრო.
ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის 6-კილომეტრიანი მონაკვეთი. მთლიანობაში, დღემდე დასრულებული მაგისტრალების სიგრძემ შეადგინა 383 კილომეტრი, აქედან უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაბამისი მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 319 კილომეტრს.
მიმდინარე წელს უკვე გამოცხადდა 2.8 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 94 ტენდერი გზების მიმართულებით. წლის ბოლომდე დაგეგმილია 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 120-მდე ტენდერის გამოცხადება.
გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. უნდა დასრულდეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები. სამტრედიის ხიდი უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის. სამტრედია-გრიგოლეთის დარჩენილი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება ზაფხულის ბოლომდე. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კილომეტრი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ასევე, დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც თბილისისთვისაც მნიშვნელოვანია და მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალისთვის არის მნიშვნელოვანი. მეორე ლოტის მშენებლობა დაიწყება მიმდინარე წელს და დასრულდება 2030 წელს. მესამე ლოტი ასევე წელს დაიწყება და 2030-ში დასრულდება. მეოთხე და მეხუთე ლოტები დაიწყება 2027 წლის დასაწყისში და დასრულდება 2029 წლის ბოლოს. შესაბამისად 2030 წლისთვის მთლიანად თბილისის შემოვლითი გზა იქნება დასრულებული.
ასევე, დავიწყებთ ბათუმი-სარფის გზის მაგისტრალის მშენებლობას. წელსვე დაიწყება და დასრულდება 2031 წელს. ესეც არის ძალიან რთული მონაკვეთი და ძალიან მნიშვნელოვანია საერთო გამტარუნარიანობისთვის.
კახეთის მაგისტრალი: საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი მიმდინარე პროექტია და დასრულდება მომავალ წელს. მეოთხე და მეხუთე ლოტები, ბადიაური-ბაკურციხე, დაიწყება 2027 წლის პირველ ნახევარში და დასრულდება 2030 წელს.
რუსთავის მაგისტრალი წელს დაიწყება და დასრულდება 2029 წელს.
თბილისი-სადახლო-წითელი ხიდის მაგისტრალი დაიწყება მომავალ წელს და დასრულდება 2030 წელს.
როგორც ხედავთ, გეგმის მიხედვით, 2031 წელს მთლიანად ყველა მაგისტრალის მშენებლობა იქნება დასრულებული. რჩება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთი, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ დასრულდება 2032 წელს. შესაბამისად, 2031 წელს არსებითად დასრულდება მაგისტრალების მშენებლობა და 1 წელიწადში ამას დაემატება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთიც. ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში,"- აღნიშნა პრემიერმა.