ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობენ ყველა თემა პოლიტიკური სარგებლისთვის გამოიყენონ - ოთარ გრიგოლია
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტიდან მოსახლეობის გამოყვანას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ობიექტი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. ოთარ გრიგოლიას თქმით, ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კი ისეთი სურათი დახატეს, თითქოს ხალხი თბილისის მერიამ გამოასახლა. მისი განმარტებით, ეს არის სრული სიცრუე, რადგან აღნიშნულ ობიექტზე მუნიციპალიტეტის საკუთრება არ ვრცელდება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობენ ყველა თემა პოლიტიკური სარგებლისთვის გამოიყენონ. ოთარ გრიგოლიამ პოლიტიკურ ოპონენტებს და ოპოზიციურ მედიას მოუწოდა, მსგავსი საკითხებით მანიპულაციას შეეშვან.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობა, საიდანაც გუშინ მოსახლეობა გამოიყვანეს, არ არის თბილისის მერიის საკუთრება. რადგან ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, მერიის და კონკრეტულად მერის მიმართ გაზრდილია ყურადღება და ოპოზიცია ცდილობს ყველა სიტუაცია კახა კალაძის წინააღმდეგ გამოიყენოს. მინდა განვაცხადო, რომ მერიამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა ყველა ეტაპზე იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც თბილისში იყვნენ რეგისტრირებულნი, ქირით გაეყვანა. თბილისის მერიამ აბსოლუტურად ყველა სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველა თემით მანიპულირებას, რაც ძალიან არასწორია. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტი, საიდანაც გუშინ მოსახლეობა გამოიყვანეს, მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობაა და იქ ადამიანების ყოფნა, უბრალოდ, საშიშია“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ადამიანებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, მოუწოდა დარეგისტრირდნენ უსახლკაროთა რეესტრში და სპეციალური კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ისინი საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ.
„თბილისის მერიას ძალიან ბევრი პროგრამა აქვს იმისათვის, რომ თბილისში რეგისტრირებული ადამიანები ქუჩაში არ დარჩნენ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.