პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის" პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა.
„თავდაცვის კოდექსის" პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა.
მომხსენებელმა იმ ძირითად რეფორმებსა და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის" პროექტი ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება 6-დან 11 თვემდე სხვადასხვა ქვედანაყოფებისთვის და უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება.
ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც.
სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა.
„კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა წარადგინა ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი - თავდაცვის კოდექსის პროექტი. მისი თქმით, თუ წარმოდგენილ პროექტს აიღებენ საფუძვლად, სისტემაში რეალურად მოხდება ცვლილებები.
საბოლოოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შედეგად, საკანონმდებლო პაკეტის განხილვას საფუძვლად დაედება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.