პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია - ირაკლი კობახიძე
ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას.
„პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა. თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და მდგომარეობას. ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით. რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა
05.10.2026.12:30
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.
ამასთან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა ფიზიკურმა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.
შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას, დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.
45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.