პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები - ბიძინა ივანიშვილი
ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე! - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში.
ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს ქართულ საზოგადოებაზე, რომლის მოტყუება და ემოციებით მანიპულირება, მისი თქმით, უკვე შეუძლებელია. მისი თქმით, სამშობლოს რიგით ჯარისკაცად, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ქვეყნის სადარაჯოზე კვლავ იქნება.
„მოცემულობას ობიექტურად ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, რადგან ჩემდა საამაყოდ, საქართველოში შედგა საზოგადოება, რომლის მოტყუება, რომლის ემოციებით მანიპულირება არათუ მარტივი არაა, არამედ შეუძლებელია! დიახ, ასეთია დღეს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი!
პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! ამ რთულ და საპატიო მისიას შევასრულებთ პირნათლად მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოება საჭიროდ ჩათვლის, რომ საქართველოსთვის ჩვენი სამსახური მნიშვნელოვანია!
ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს! გულითადად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ულევ სიხარულს. იმედი, მომავლის რწმენა და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში.
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.