პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიცირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში - ლევან ჟორჟოლიანი
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წინა წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა სახელმწიფო უწყებაში, სადაც სტაჟირება გაიარა.
„ამ პროგრამით სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა. მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას. ეს პრემიერის ინიციატივაა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.