პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი მარიამ ალ ჰამადი დახვდა.
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.
პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა - ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაის დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
სხვა სიახლეები
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
16.09.2026.20:11
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.
გამოძიება ლილუაშვილს ედავებოდა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.
სუს-ის ყოფილ უფროსს ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.
გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს.
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.