პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო'სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო'ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო'სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს
ო'ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.