პრემიერ-მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.
ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
10.11.2026.18:40
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან.
მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე პეკინში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებთან ერთად, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
მინისტრი ლანჟოუს უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას შეხვდება.