პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, აღინიშნა EIB-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო სექტორის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყანას სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში უწევს. თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ EIB-მა, როგორც ევროკავშირის ფინანსურმა ინსტიტუტმა, კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებს და აღინიშნა, რომ არსებული ტენდენცია გრძელდება. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა საჯარო სექტორში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.