პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი.
აღინიშნა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, როგორ აფასებენ ისინი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, მიწოდების ჯაჭვის მუშაობას, ასევე ფასწარმოქმნის მექანიზმს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმში დიალოგი გაგრძელდება.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს.
სხვა სიახლეები
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას - ირაკლი კობახიძე
26.06.2026.17:56
ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, გეგმები ძალიან ამბიციურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
„ასევე ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რასაც ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი სამ ძირითად აეროპორტზე, საერთაშორისო აეროპორტზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი მგზავრით იგეგმება ნაკადის გაზრდა.
ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას და ეს ყველაფერი ასევე ხელს უწყობს, ბუნებრივია, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები და ამასთან ერთად პრინციპულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კავშირების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი, მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გასული თვეების განმავლობაში, მათ შორის ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ახლა გვაქვს დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გავაფორმებთ. საქართველოს ეწვევიან ასევე უზბეკეთის და თურქმენეთის ლიდერები. ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გვაქვს უმაღლეს დონეზე ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და ეს არის ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული და რა თქმა უნდა, ბოლომდე გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.