პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში - ლევან ჟორჟოლიანი
პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა და სადაც მას ჰქონდა საშუალება, სიტყვით მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის.
„პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს. განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება არის ორივე სახელმწიფოს ინტერესი და შესაბამისად, გამოითქვა სურვილი, მაქსიმალურად იქნას ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, გამოსულიყო სიტყვით და მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის და ესაუბრა მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის - მაკა ბოჭორიშვილი
22.09.2026.14:56
2026 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი", მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც იზრდება, რაც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს როლზე ისაუბრა - „საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით".
მისი განცხადებით, რეგიონში მიმდინარე პროცესები და შეერთებული შტატების ჩართულობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე - „საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები ემოციური საკითხია და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიასა და საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას, გახდეს ევროპის ნაწილი და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ნაწილი".
„მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში იქმნება სიტუაცია, როდესაც საქართველოს ეკისრება საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას მოითხოვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრი," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები აქვს, რაც ახალი პროექტებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.
საუბრის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი რეგიონისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, თუმცა ვამაყობთ, რომ შევძელით ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სწორედ ეს ქმნის ეკონომიკური განვითარებისა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველს," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ჰრისტიან მიცკოსკი. სესიას მოდერაციას უწევდა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, სიმეონ ცომოკოსი.