პრემიერ-მინისტრი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.
ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.
UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.