სამთავრობო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს, - გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას - ირაკლი კობახიძე
26.06.2026.17:56
ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, გეგმები ძალიან ამბიციურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
„ასევე ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რასაც ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი სამ ძირითად აეროპორტზე, საერთაშორისო აეროპორტზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი მგზავრით იგეგმება ნაკადის გაზრდა.
ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას და ეს ყველაფერი ასევე ხელს უწყობს, ბუნებრივია, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები და ამასთან ერთად პრინციპულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კავშირების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი, მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გასული თვეების განმავლობაში, მათ შორის ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ახლა გვაქვს დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გავაფორმებთ. საქართველოს ეწვევიან ასევე უზბეკეთის და თურქმენეთის ლიდერები. ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გვაქვს უმაღლეს დონეზე ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და ეს არის ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული და რა თქმა უნდა, ბოლომდე გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.