პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე - მაკა ბოჭორიშვილი
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს პრიორიტეტებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის მზად არის.
„სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.