პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა
სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის, დავით თევზაძის
,,საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას: ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა,“- ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი.
სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი.
დაბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას", - აღნიშნა თევზაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.