პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ევროინტეგრაციის გზაზე - ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება - პრემიერი
მინდა მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ შევახსენო - თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, აღშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს? - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არც საქართველოს პრეზიდენტს და არც ოპოზიციას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებიათ.
„ეს ყველაფერი ჩემთვის არის ძალიან მარტივად ასახსნელი ფარისევლობა. ეს არის ტყუილი. ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის - აი, ასეთი დამოკიდებულება, შანტაჟი - ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება და ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა. ვასრულებთ და შევასრულებთ 12-ვე რეკომენდაციას, მაქსიმუმს ვაკეთებთ, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის პროცესში. გეტყვით, რომ 1 საათში გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც კიდევ ერთხელ განვიხილავთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ, ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე.
ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.