ქალაქის წარმატება არ იზომება მხოლოდ აშენებული გზებით, შენობებით ან პროექტების რაოდენობით - ქალაქის წარმატება იზომება იმით, თუ რამდენად კომფორტულად და ღირსეულად ცხოვრობს მისი მოსახლეობა l გიორგი ტყემალაძე
თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე დისკუსიაში - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომლის მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, სატარიფო პოლიტიკაზე და ა.შ.
დედაქალაქის ვიცე-მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები საფუძვლიანად ხორციელდება, რაც გულისხმობს როგორც დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის გამოცვლას, ისე სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო ქსელის განახლებას.
„თბილისი სწრაფად იზრდება. იზრდება მოსახლეობა, ეკონომიკური აქტივობა, მშენებლობები და ქალაქის სივრცითი არეალი. მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი უბნების განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ახალი ხიდების, მეტროსადგურების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და ქუჩების რეაბილიტაცია. ქალაქისთვის ყველაზე ძვირი შეცდომაა, როდესაც ახლად რეაბილიტირებული ქუჩა რამდენიმე თვეში წყლის ან წყალარინების ქსელის გამოცვლის გამო ხელახლა იჭრება. ეს ნიშნავს დამატებით ფინანსურ ხარჯს, დისკომფორტს მოსახლეობისთვის, სატრანსპორტო შეფერხებებს და მუნიციპალური რესურსების არაეფექტიან გამოყენებას. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ ურბანული განვითარების ყველა მსხვილი პროექტი თავიდანვე იყოს შეთანხმებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებთან. მხოლოდ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ერთხელ შესრულებული სამუშაო იყოს ხარისხიანი, გრძელვადიანი და ეკონომიკურად ეფექტიანი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქში არსებულ გამოწვევებს შორის არის მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება და ქალაქის სწრაფი ტემპით ზრდა, რაც საინჟინრო ქსელების დროულ განვითარებას მოითხოვს.
„ჩვენი ხედვით, ყველაზე ეფექტური გზა ამ გამოწვევების დასაძლევად, პარტნიორობა და ინტეგრირებული დაგეგმვაა. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი, დარგობრივი ინვესტორი, მარეგულირებელი და ყველა პასუხისმგებელი უწყება პროექტის დაწყებამდე შეთანხმდნენ პრიორიტეტებზე, საინვესტიციო გეგმებზე, ტექნიკურ გადაწყვეტილებებსა და სამუშაოების თანმიმდევრობაზე. ქალაქის წარმატება არ იზომება მხოლოდ აშენებული გზებით, ახალი შენობებით ან განხორციელებული პროექტების რაოდენობით. ქალაქის წარმატება იზომება იმით, თუ რამდენად კომფორტულად, უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრობს მისი მოსახლეობა. თუ გვინდა, თბილისი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავლის ქალაქი, აუცილებელია, რომ ურბანული განვითარება, წყალმომარაგება, წყალარინება, ტრანსპორტი და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურა განვიხილოთ როგორც ერთი, ურთიერთდაკავშირებული სისტემა. სწორედ ამ მიდგომას შეუძლია, უზრუნველყოს როგორც ეკონომიკური ზრდა, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის რეალური გაუმჯობესება“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
დისკუსიაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორის, სხვადასხვა კომპანიის, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
16.09.2026.20:11
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.
გამოძიება ლილუაშვილს ედავებოდა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.
სუს-ის ყოფილ უფროსს ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.
გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს.
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.