ყველა მეწარმეს თუ ბიზნესკომპანიას ძალიან ღიად თავისუფლად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი - ცოტნე ანანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ მაშინ როცა წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის ტერორი ხდებოდა, დღეს ყველა მეწარმეს თუ ბიზნესკომპანიას ძალიან ღიად და თავისუფლად შეუძლია დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციასთან აფილირებული მედია საშუალებები, ასევე თავად ოპოზიციის პარტ-აქტივი აგრძელებენ ბიზნესზე ზეწოლას ბულინგის მეშვეობით.
„ერთი ძალიან მარტივი და თვალსაჩინო რამ მინდა გითხრათ და ვუთხრა ოპოზიციას, რომელიც დარბაზში არ არის. ამ მოვლენებიდან გამომდინარე ვხედავთ ყველა მეწარმეს თუ ბიზნესკომპანიას ძალიან ღიად თავისუფლად შეუძლია დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს არის დემოკრატიის და დემოკრატიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი ამ ქვეყანაში და მინდა ამის შესახებ დაფიქრდეს ოპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა, მათ შორის საერთაშორისო ანგარიშებს და ჩვენს დარბაზშიც არის იმ წლებში დაზარალებული ოჯახები, ბიზნესი, რომელიც შუა ღამით თითქოს ნოტარიუსებით, თითქოს თავისუფალი ნების გამოვლენით თავიანთ საკუთრებას, რომელიც ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, სახელმწიფოს ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს საჩუქრად აძლევდა. მინდა ყველამ კარგად დაინახოს ამავდროულად იმ ბიზნესის მიმართ, როგორც ოპოზიციასთან აფილირებული მედია საშუალებების, ასევე თავად ოპოზიციის პარტ-აქტივის უწყვეტი ბულინგი და სხვადასხვა ტიპის კამპანიები სოციალურ ქსელებში იმ ბიზნესის წინააღმდეგ და გარკვეული შავი პიარის აგორება, რომლებიც ღიად არ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს, რომელიც შედის ოპოზიციის ინტერესებში. ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი რაც ჩანს ამ მიმართულებით და ესეც კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ არის დემოკრატიის ინდექსი, როცა ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.