რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ორი რეგიონის ოკუპაციით - უარს აცხადებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, ინარჩუნებს კრიმინალურ აქტივობებს - შალვა პაპუაშვილი
„რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ნაწილის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე გამოსვლისას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება. ასამბლეის მუშაობაში 130 ქვეყნის 50-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკანასკნელ წლებში, მზარდი დეზინფორმაციული კამპანიის მომსწრე ვართ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, სიმართლის დამახინჯებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის ძირის გამოთხრას.
„საქართველოც არ არის დაცული ამ უპრეცედენტო გამოწვევისგან. პრობლემა მდგომარეობს, ერთი მხრივ, გარე გეოპოლიტიკურ ზეწოლასა და უცხოური ჩარევის საფრთხეში და, მეორე მხრივ, შიდა რადიკალიზმისა და პოპულიზმის ზრდაში. საგარეო მიმართულებით, რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით; უარს აცხადებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და ადგილზე ინარჩუნებს არასტაბილურობასა და კრიმინალურ აქტივობებს. ეს უნდა დასრულდეს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების უპატივცემულობა პანდორას ყუთს ხსნის, რის გამოც მთელი მსოფლიო შეიძლება არნახულ ქაოსში გაეხვიოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.