რუსეთი ოკუპანტია, მტერია, დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ - ლევან დავითაშვილი
„თუ ვინმეს იმის წარმოჩენა უნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით საქართველოს ინტერესებს აზიანებს და [რუსეთთან] რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის - დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დავითაშვილის თქმით, საქართველო ფორუმში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ დაარსების დღიდან მონაწილეობს და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური საკითხები განიხილება.
„ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე - დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ,“ - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას ჩინეთში გამართულ ფორუმში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, დავითაშვილის განმარტებით, ფორუმზე საქართველო ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა.
„ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილი კომიტეტზე პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროოპტიმისტებმა” დაიბარა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.